თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს გერმანელებთან ასიმილაციისგან თავის შეკავება ურჩია. ეს განცხადება ერდოგანმა დიუსელდორფში თურქული სათვისტომოს 10 ათას წარმომადგენელთან შეხვედრისას გააკეთა.
თურქეთის ლიდერის თქმით, "გერმანელ" თურქებს წარმომავლობა არ უნდა დაავიწყდეთ. ამასთან, ერდოგანმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, საკუთარ შვილებს, პირველ რიგში, თურქული ენა შეასწავლონ და მხოლოდ ამის შემდეგ აზიარონ გერმანულს.
თურქული სათვისტომოს წინაშე გამოსვლისას ერდოგანმა ყურადღება გაამახვილა თურქებისა და სხვა მუსულმანების მიმართ გერმანულ საზოგადოებაში არსებულ მტრულ დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, გერმანიაში, ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ისლამოფობია და ქსენოფობია შეიმჩნევა. ერდოგანმა ასეთი დამოკიდებულება ანტისემიტიზმს შეადარა და ორივე მოვლენა "კაცობრიობის წინაშე დანაშაულად" მიიჩნია.
ერდოგანის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც გერმანიის მოქალაქეობის სასარგებლოდ თურქეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, ე.წ. "რუხ ბარათებს" გადასცემენ, რომლებიც თურქული პასპორტების მსგავსი იქნება: ოფიციალურად თურქულ-გერმანული ორმაგი მოქალაქეობის მიღება აკრძალულია. თუკი "რუხი ბარათების" მფლობელნი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მაშინ მათზეც გავრცელდება კანონით გათვალისწინებული პრივილეგიები, რაც აქამდე ეზღუდებოდათ. ამიტომ ერდოგანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს სამშობლოში ახლავე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
თურქეთის პრემიერის განცხადებამ ბერლინში უკმაყოფილება გამოიწვია. "გარდიანის" თანახმად, ერდოგანის გამოსვლის კომენტირებისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ თურქეთის სათვისტომოს მიმართა და სთხოვა, თურქულის ნაცვლად პირველად გერმანულ ენას დაეუფლონ.
ცნობისთვის, გერმანიაში მცხოვრები თურქები საკმაოდ სოლიდურად არიან წარმოდგენილნი. მათი რიცხვი 2,5 მილიონია. უკანასკნელ წლებში თურქების მიმართ დამოკიდებულება ბუნდესბანკის მმართველთა ყოფილი წევრის ტილო სარაცინის წიგნის გამო გამწვავდა, რომლითაც იგი გერმანიის ხელისუფლების აქტიურ მიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებდა. ამასთან, 2010 წლის მიწურულს ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიაში მულტიკულტურული საზოგადოების აღმშენებლობის მცდელობის კრახი ოფიციალურად აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები