გერმანულ პოლიტიკაში იყო მომენტები, როდესაც რუსეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოს ადგილი ევროკავშირის პოლიტიკაში უნდა დაჩრდილულიყო, მაგრამ ეს მიდგომა შეიცვალა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ლიტვურ ჟურნალ Valstybė -ისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განუცხადა.
"ქართულ-ევროპული ურთიერთობა კომპლექსური და ინტენსიურია. 2008 წლიდან რა ურთიერთობაცაა ბრიუსელსა და თბილისს შორის, ასეთი დონის არასდროს ყოფილა. ამავე დროს, ორივე მხრიდან გასაკეთებელი ძალიან ბევრია და ურთიერთგაგების მისაღწევად ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, დაწყებული სურსათის უვნებლობიდან, დამთავრებული სამხედრო სტრატეგიული საკითხებით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს არ არის მარტივი საქმე, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.
"არაფერი უდგას იმას წინ, რომ გარკვეული დროისა და ენერგიის დახარჯვის ფონზე ეს ურთიერთობები დასრულდება იმ შემდეგით, რაც ჩვენ გვინდა - ვიყოთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვნად ინტეგრირებული", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დარჩიაშვილმა.
როგორც ცნობილია, ლიტვურ ჟურნალ Valstybe-ისთვის მიცემული ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ახალი ქვეყნების გაწევრიანებას ყველაზე მეტად გერმანია აბრკოლებს.