საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კობა დავითაშვილი სამარშრუტო ტაქსების ტენდერის გაუქმებასა და ტენდერის ხელახალ ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ მან „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, გაფიცული მძღოლების მოთხოვნა უსამართლო ტენდერის გაუქმებაა, რომლის თანახმადაც, ქალაქის მთელი სამარშრუტო ბიზნესი ერთმა ფირმამ ჩაიგდო ხელში.
„ოთხი ფირმის არსებობა ფიქციაა. რეალურად, ერთი ფირმაა, ის კარნახობს ფასებს, აწესებს ტარიფებს, აიძულებს მძღოლებს, 50-დან 70 თეთრამდე და შემდეგ ლარამდე გაზარდონ მგზავრობის ღირებულება. სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან მძღოლები. მათთვის მიუღებელია დროებითი დათმობები. მათთვის მთავრია, ტენდერი სამართლიანად ჩატარდეს,"_აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილს აინტერესებს, თუკი ისეთ ფირმას აძლევენ ტენდერში გამარჯვების საშუალებას, რომელსაც არანაირი რესურსი და საწესდებო კაპიტალი არ აქვს, მაშინ უკეთესი ფირმები გამოევლინათ.
„ტენდერში ისეთ ფირმას გაამაჯვებინეს, რომლის საწესდებო კაპიტალიც ასი ლარია და იანვარში შეიქმნა. ამიტომ მოვითხოვ, ჩატარდეს ისეთი ტენდერი, სადაც რეალურად ყველა მონაწილე ფირმა იმ ქონებასა და გარანტიებს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც გამარჯვებული გამოვლინდება,"_აცხადებს დავითაშვილი.