პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო სოჭის ოლიმპიადისათვის ნულოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "პირველი კავკასიური არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მესტიაში ჩაიწერა.
"საქართველო, ფიზიკური თვალსაზრისით, სოჭის ოლიმპიადისათვის ნულოვან საფრთხეს წარმოადგენს. მეტიც, თავის დროზე, როდესაც ამ ოლიმპიადის ჩატარება გადაწყდა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ღიად და დიდი ენთუზიაზმით მხარი დავუჭირეთ ოლიმპიადის სწორედ სოჭში გამართვას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აქვე აღნიშნა, რომ ეს იდეა მხარდაჭერი იმის გამო იქნა, რომ საქართველოს ნეგატიური ტენდენციების თავიდან აცილების იმედი ჰქონდა.
"მე მიმაჩნდა, რომ ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა ისეთი ნეგატიური ტენდენციები, როგორებიც უკვე ცხადი იყო აფხაზეთთან _ ანუ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიმპიადისათვის საფრთხის შექმნა არა თუ არ შედის საქართველოს გეგმებში, არამედ ამის გაკეთება საქართველოს ძალებს აღემატება.
'
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ნებისმიერი ხელისშემშლელი ძალის გზაზე წინააღმდეგობის აღმართვა მოითხოვა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყურადღება საქართველოზე გაამახვილა.
"ყველას კარგად გესმით, რომ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ყველაფერი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით, უნდა გაკეთდეს", _ განაცხადა მედვედევმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე და დასძინა, რომ "ძალა, რომელიც ცდილობს, ოლიმპიადის ჩატარებას შეუშალოს ხელი, უნდა გამოვლინდეს".