საქართველოში ფასების ზრდა მძიმე ფაზაში შედის, ხელისუფლება კი ინფლაციის შესაკავებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საწვავისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება მოქალაქეებს ყოველდღიურად აღარიბებს.
"საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პარტიების აკრძალვის სამარცხვინო პროცესის პარალელურად, საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება და ძალიან მძიმე ფაზაში შედის.
საქსტატის ცნობით, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, ოქტომბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა.
2026 წლის ოქტომბერში ფასები გაიზარდა ყველა ძირითად სასურსათო მოხმარების პროდუქტზე, საყოფაცხოვრებო პროდუქტზე თუ იმ სერვისებზე, რომლებსაც ჩვენი ოჯახები ყოველდღიურად იყენებენ.
დიზელის საწვავი გაძვირდა 61%-ით;
ბენზინი 37%-ით;
საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა 17%-ით.
სასურსათო ნაწილში:
პომიდორი გაძვირდა 37%-ით;
საქონლის ხორცი ისევ გაძვირდა ამჯერად 16%-ით;
ქათმის ხორცი ისევ გაძვირდა ამჯერად 15%-ით;
მზესუმზირის ზეთიც გაძვირდა 12%-ით.
"ძლიერი საქართველო -ლელო" უკვე თვეებია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დროებით შეამციროს ბენზინზე აქციზის გადასახადი ან მთლიანად გააუქმოს რაღაც დროით. შეგახსენებთ, ეს გადასახადი 2017 წელს "ქართულმა ოცნებამ" გააორმაგა, რაც ტვირთად დააწვა თითოეულ ქართულ ოჯახს.
ასეთი ნაბიჯები უკვე გადადგეს პოლონეთში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში და კიდევ ბევრ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა ფორმით სახელმწიფომ დაიცვა მოქალაქეების ინტერესები მძიმე ინფლაციის პირობებში.
გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ პარტიების აკრძალვის და ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, საქართველო არის უმძიმეს კრიზისში. ეს კრიზისი პირველ რიგში არის ინფლაციური და ფასების ზრდის, რომელსაც ყოველთვიურად გრძნობს ყველა ქართული ოჯახი და ყოველთვიურად უფრო და უფრო ღარიბდება. ქვეყანაში, სადაც მედიანური ხელფასი 1600 ლარია და დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, ფაქტობრივად, ნახევარი იღებს 1300 ლარზე ნაკლებ ხელფასს, ყოველთვიურად 10-15-20%-ით იზრდება ფასი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, რაზეც ეს 1300 ლარი იხარჯება. ყოველთვიურად იზრდება ფასი, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ყოველთვიურად ღარიბდებიან.
პენსიის ზრდა ვერ ეწევა ინფლაციის მაჩვენებელს და ჩამორჩება მას - 45-ლარიანი ზრდა უკვე ჩამორჩება იმ ინფლაციურ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყნდება. ამიტომ, წლიდან წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება ეს პენსიონერი, მშრომელი, ადამიანი, რომელიც ხელფასს იღებს, ყველა ყოველთვიურად ღარიბდება გარდა იმ ერთი კლანისა, რომელიც მართავს ქვეყანას, გარდა რამდენიმე ათეულ ათასი ადამიანისა, რომელიც ხელს ითბობს ქართული ბიუჯეტის და საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე.
ფასების შემცირების ცრუ კომისიებიდან, დაპირებებიდან, გამოძიებიდან უკვე 10 თვე გავიდა და ამ 10 თვის მანძილზე ყოველთვიურად აბსოლუტურად ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქტსა და სერვისზე ფასი გაიზარდა იმის მაგივრად, რომ შემცირებულიყო როგორც კობახიძე გვპირდებოდა. შემცირებული ფასების ნაცვლად, "ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს რეპრესიებს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ავტორიტარიზმის დამყარებას, რომ აღარ გვქონდეს საშუალება ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ, იმაზე, თუ რამდენად მძიმდება ჩვენი ცხოვრება", - განაცხადა დათუნაშვილმა.