"ბიზნესი ყოველთვის იდგა სულიერებისა და მართლმადიდებლობის გვერდით", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ საქველმოქმედო ვახშამი, რომელიც აქამდე საერო ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ცალკეულ პროექტს ხმარდებოდა, ამჯერად სულიერი ცენტრის აღმშენებლობის საწინდარი გახდება.
"კარგია, რომ ქვეყნის სასულიერო ხელისუფლებაში ეს ყველაფერი საქველმოქმედო ვახშმის სახეს იღებს, ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საერო ხელისუფლების მაგალითზე. დარწმუნებული ვარ, წარმატებული თანამშრომლობა შედგება", _ განაცხადა ისაკაძემ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი პროექტი ამჟამად განხორციელების სტადიაშია. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ, სულიერების აღმავლობის მიზნით არაერთი სხვა პროექტიც განხორციელდება.
"კონკრეტულად ეს პროექტი ძალიან ლამაზი საგამოფენო დარბაზის სახეს მიიღებს, სადაც უძველესი ნივთების ყველა ძირითადი ატრიბუტი ამ ცენტრში მოიყრის თავს", _ აღნიშნა ისაკაძემ.
შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო "რედისონში" საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის პროექტის მხარდამჭერი საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა, რომელსაც პატრიარქთან ერთად, სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ. საქველმოქმედო ვახშამზე შეწირული თანხა სრულიად მოხმარდება აღნიშნული ცენტრის მშენებლობას.