რუსეთის დიპლომატები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-15 საუნდის მსვლელობის დროს, რომელიც 4 მარტს გაიმართება, მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეების მიერ კორექტული ლექსიკის გამოყენების შესახებ საკითხს დააყენებენ. ეს განცხადება მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსული დელეგაცია, რომელსაც მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობს, ყურადღებას გაამახვილებს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან არსებულ სიტუაციაზე და მხარეთა შორის ნდობის აღდგენაზე.
"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის განხილვისას, ყურადღებას გავამახვილებთ ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენებაზე სასაზღვრო რეჟიმის არაგანზრახ დარღვევასთან მიმართებაში.
ახალი რაუნდის ფარგლებში ასევე გავამახვილებთ ყურადღებას ძალის გამოუყენებლობის თემატიკაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. ხელისუფლებები ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ასევე აპირებენ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხის დაყენებას.
"რუსული მხარე ამ წინადადებებს აქტიურად უჭერს მხარს. ვაპირებთ ყურადღება გავამახვილოთ ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების მიერ კორექტული ლექსიკის გამოყენებაზე. ქართველი წარმომადგენლების მცდელობები ახალგაზრდა რესპუბლიკებში მყოფი რუსული სამხედრო კონტიგენტი საოკუპაციო ჯარებად წარმოადგინონ აბსურდულია და რეგიონში ყოფნის ხელშეკრულებით გამყარებულ სტატუსთან მათ არაფერი საერთო არა აქვს", _ განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსკოვში.