ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთი განზრახ ესხმის თავს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურას, პორტებსა და მარცვლეულის საექსპორტო მარშრუტებს, რითაც გლობალურ სურსათის უვნებლობას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ამის შესახებ კალასმა 20 ოქტომბერს ევროპარლამენტში, რუსეთის მიერ შავი ზღვის რეგიონში გემებზე თავდასხმებისა და ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევების შესახებ დებატებზე განაცხადა.
„როგორც გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რუსეთი განზრახ იყენებს საკვებს იარაღად და ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, რუსეთმა გააძლიერა შეტევები უკრაინის საექსპორტო მარშრუტებზე. თავდასხმების სამიზნეა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, შავი და დუნაის ზღვის პორტები, სასაზღვრო გადასასვლელები, საექსპორტო ობიექტები, გემები და საზღვაო გზები. ასევე ნადგურდება მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურა.
კალასის განცხადებით, უკრაინა საექსპორტო შემოსავლებიდან ყოველდღიურად დაახლოებით 60 მილიონ ევროს კარგავს.
უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორია. კალასის ინფორმაციით, ქვეყანაზე მსოფლიო სიმინდის ექსპორტის 15%, ხორბლის ექსპორტის 10%, ქერის ექსპორტის 15–20% და მზესუმზირის ზეთის ექსპორტის 50% მოდის. ამ პროდუქციის დაახლოებით 90% შავი ზღვის დერეფნით გადაიზიდება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მსოფლიო მარცვლეულის ფასებმა 2023 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. გლობალურ სასურსათო სისტემაზე დამატებით ზეწოლას ახდენს გვალვა, ელ-ნინიოს ფენომენი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც სასუქების ექსპორტზეც აისახება.
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობს. მისი თქმით, აუცილებელია სავაჭრო და სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების აღდგენა, საზღვაო საფრთხეების დროული გამოვლენა და საერთაშორისო პარტნიორებთან დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეთანხმება შესთავაზა, თუმცა რუსეთმა ეს წინადადება უარყო.