აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე, დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 31%-მდე შემცირდა. ეს მის ორივე საპრეზიდენტო ვადაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელების 31% ტრამპის საპრეზიდენტო საქმიანობას იწონებს. ეს მაჩვენებელი ორი კვირის წინანდელ შედეგზე ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რეგისტრირებული ამომრჩევლების 47%-მა დემოკრატები დაასახელა, 35%-მა კი - რესპუბლიკელები. დემოკრატების 12-პროცენტული პუნქტით უპირატესობა მიმდინარე საარჩევნო ციკლში ყველაზე დიდია და შესაძლოა, გააძლიეროს მათი იმედი, რომ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს მოიპოვებენ.
ორი კვირის წინ ჩატარებული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატები რესპუბლიკელებს 7 პროცენტული პუნქტით უსწრებდნენ, დემოკრატების მაჩვენებელი 44%-ია რესპუბლიკელების - 37%.
ტრამპის პოპულარობა მას შემდეგ შემცირდა, რაც თებერვალში მან აშშ-ის მოკავშირე ისრაელთან ერთად ირანზე სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. ომმა ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რამაც შინამეურნეობების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა.
ამერიკელების დაახლოებით 68% ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას არ იწონებს. მათ შორის არიან რესპუბლიკელებიც - გამოკითხულთა 37%, რომლებიც თავს რესპუბლიკელებად მიიჩნევენ.
გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდაჭერის შემცირება დიდწილად ქალ ამომრჩევლებში დემოკრატების პოპულარობის ზრდას უკავშირდება. გამოკითხულ ქალთა 50%-მა განაცხადა, რომ ხმას დემოკრატებს მისცემდა, რესპუბლიკელ კანდიდატებს კი 32% უჭერდა მხარს. მამაკაც ამომრჩევლებშიც დემოკრატები ლიდერობდნენ, თუმცა შედარებით მცირე უპირატესობით.
ამასთან, გამოკითხულთა 68% უკმაყოფილოა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის რესპუბლიკელების 37%. კითხვაზე, რომელი პარტია გაუმკლავდებოდა უკეთ ეკონომიკურ საკითხებს, 40%-მა უპირატესობა დემოკრატებს მიანიჭა, 33%-მა კი – რესპუბლიკელებს.
გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მასში აშშ-ის 1 679 სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 1 279 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. შედეგების ცდომილების ზღვარი ორი პროცენტული პუნქტია.