საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთისგან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში ქართული კვალის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია მიიღოს და მასზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.
"ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე ტერორისტულ აქტებში საქართველოს დადანაშაულება ავადმყოფური ფანტაზიების ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ მართლა არსებობს რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია, რომ საქართველო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირშია, მზად ვართ, მივიღიონ ეს ინფორმაცია და მასზე სათანადო რეაგირება მოვახდინოთ... მეტიც, თუ საქართველოდან მართლა რაიმე საფრთხეს ელოდებიან, იმაზეც თანახმა ვართ, რომ საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე მრავალეროვანი ძალები ჩავაყენოთ. მაშინ ხომ დაცული იქნებიან? თუმცა, ესეც არ უნდათ", - განუცხადა წიკლაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, "ყველაფრის" სხვისთვის გადაბრალება რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას წარმოადგენს, რაც უკვე "სიშლეგემდე" მიდის.
"საქართველოს ნამდვილად არ მოუწყვია კავკასიელების დევნა მოსკოვში, ეს არის სასაცილო. საქართველო არ იყო ის, რომელიც იძახდა "შავებო წაეთრიეთ მოსკოვიდანო", საქართველო არ აწყობს სანკტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში კავკასიელების დევნას და რაც მთავარია, საქართველო არ ბომბავს და არ ბომბავდა არც გროზნოს და არც სხვა ქალაქებს ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომ, მათ სურთ, რომ თავიანთი პრობლენები, თავიანთი ეთნიკურ ურთიერთობში დაშვებული უსერიოზულესი შეცდომები და დანაშაულები, ადვილად გადააბრალონ ამერიკას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს", - განმარტა დეპუტატმა.
ამასთან, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, "თუ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი აფეთქდა, ყველაფერი ცუდი შეიძლება მოხდეს, მათ შორის საქართველოსთვისაც.
"თუ ტერორისტული საფრთხეები გაიზარდა, თუ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები გაიზარდა, მაშინ, რა თქმა უნდა, პროვოკაციებისთვის რჩება ძალიან დიდი ველი, როგორც რუსეთის ცენტარულ ხელისუფლებას, ასევე იმ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც იქ მოქმედებენ. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენს მოსაზღვრე რეგიონს ასეთი პრობლემები ჰქონდეს", - დასძინა ნუგზარ წიკლაურმა, რომლის თქმითაც, აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და დასავლეთის ქვეყნებმა ამ რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებას "ყურადღება მიაქციონ".
მასალის გამოყენების პირობები