გულითადად გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას, წმიდათა მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას. დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, საქართველოს ისტორია მეტყველებს, რომ, მრავალი განსაცდელისა და დაცემის მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან.
„დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე.
ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიის და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზის და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა, ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში, ღვთის განგებულებით და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლი, საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი, კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დავანება, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. წერს იგი: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განურღვეველი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალოვნად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა. სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე“, – განაცხადა შიო მესამემ.
პატრიარქის განცხადებით, სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად.
„სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტესშობამდე ექვსასი წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული. ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე – საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა“, – განაცხადა შიო მესამემ.
ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის.
„ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს“, – განაცხადა შიო მესამემ.
პატრიარქის განმარტებით, დღეს ასევე აღინიშნება ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.