არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააცნეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე ყურადღება გამახვილდა მის ანგარიშზე, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.
"ამ ანგარიშში დეტალურად არის საუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა ტუღუშმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი, რომელიც საქართველოს სტეინბერგთან ერთად ეწვია. არასამთავრობოებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს მედიასივრცეში არსებული მდგომარეობაც გააცნეს.
დღესვე ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება.
სტეინბერგი და გროდონი საქართველოს დღის მეორე ნახევარში დატოვებენ და აზერბაიჯანში გაემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ აეროპორტში გამგზავრების წინ დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა.
მასალის გამოყენების პირობები