საქართველოში გერმანიის ელჩის ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
მათი ინფორმაციით, საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდია: კონრად ადენაუერის ფონდი - აფილირებული „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ (CDU); ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - აფილირებული „გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან (FDP); ჰაინრიხ ბიოლის ფონდი - აფილირებული „მწვანეებთან“; ფრიდრიხ ებერტის ფონდი - აფილირებული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან“ (SPD).
მათგან ორმა, - ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა, - პირველ და ორ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ საქართველოსი ოფისები დახურეს.
„ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ეს მოვლენები ასევე აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნება მისი ელჩობისას პრიორიტეტი იქნება.