აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვს ინფორმაცია აქვს ალიანსის მიერ კალინინგრადის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის მომზადების შესახებ და ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნაზე მიანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„რუსეთმა ნატო-ს წევრებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს ალიანსი კალინინგრადის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას ამზადებს, და გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იქნება“, - წერს ტრამპი.
მისი თქმით, კალინინგრადის სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის ბალტიის ზღვაზე გასასვლელით არის განპირობებული. ტრამპის შეფასებით, მოსკოვი ბირთვულ რიტორიკას შემაკავებელ საშუალებად იყენებს, რადგან ამ ტერიტორიის ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებებით შენარჩუნება უჭირს.
„რუსეთმა ნატო-ს წევრებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს ალიანსი კალინინგრადის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას ამზადებს და გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იქნება.
კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ბირთვულ რიტორიკას მაშინ მიმართავენ, როდესაც მისი ჩვეულებრივი საშუალებებით შენარჩუნება შეუძლებელია. მიუხედავად კალინინგრადში განთავსებული მრავალი რაკეტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემისა, რუსეთმა იცის, რომ რეალურ ბრძოლაში ამ ტერიტორიის დაცვა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ეს გაფრთხილება, რათა ის გააკეთოს, რასაც სახმელეთო ძალები ვერ შეძლებენ.
რუსეთი ბირთვულ „წითელ ხაზს“ ავლებს იმ მოწყვლადი ტერიტორიის გარშემო, რომელიც თავად შექმნა. კალინინგრადის მთელი სტრატეგიული მნიშვნელობა ბალტიის ზღვაზე გასასვლელშია“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კალინინგრადზე ან რუსეთის სხვა რეგიონზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვი ხელთ არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხს დააყენებდა.
„თუ საქმე რუსეთის ფედერაციაზე, ამ შემთხვევაში კალინინგრადზე, ან შესაძლოა სხვა ტერიტორიებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში გარდაუვლად და დაუყოვნებლივ დადგება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ქვეყნის ხელთ არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხი“, - განაცხადა პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ კალინინგრადთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილებში საუბარი უშუალოდ საპასუხო ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ ყოფილა და იგულისხმებოდა რუსეთის ხელთ არსებული „ყველა ძალისა და საშუალების“ გამოყენების შესაძლებლობა.
მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც კალინინგრადის ოლქისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. ალიანსმა მოსკოვს უპასუხა და ძალის გამოყენების ნებისმიერი მუქარა, მათ შორის „უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა“, დაგმო.
ნატო-ს პრესსპიკერმა ელისონ ჰარტმა დაადასტურა, რომ რუსეთმა ალიანსს დოკუმენტი გაუგზავნა და ნატო-მაც საპასუხო დოკუმენტი გაგზავნა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა და ჩვენ საპასუხოდ აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენი არც ერთი მოქმედება ან სამხედრო წვრთნა რუსეთის რომელიმე ნაწილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ჰარტმა.