მოლდოვის თავდაცვის მინისტრის, ანატოლიე ნოსატის განცხადებით, დრონი, რომელიც 30 სექტემბერს დილით ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა, რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.
„ეს არის რეაქტიული დრონი, რომლის სიჩქარე დაახლოებით 400 კილომეტრია საათში“, - განაცხადა ნოსატიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში დნესტრისპირეთის მონაკვეთიდან შევიდა და სოროკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ამასთან, მომხდარის გამო ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში საჰაერო სივრცე დროებით დახურა.
მანამდე, დილით, მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში გადაადგილების შემდეგ ანენიის-ნოის რაიონში, სოფელ ჰირბოვეცთან ჩამოვარდა და აფეთქდა.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, დრონი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა მას შემდეგ, რაც საკომუნიკაციო ანძას შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე დრონის რამდენიმე ფრაგმენტი აღმოაჩინეს, მათ შორის კონსტრუქციის, მართვის, კვების და ძრავის სისტემების ნაწილები.
ინციდენტის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. სპეციალისტები აფეთქების ადგილზე მუშაობენ და შემთხვევის ყველა გარემოებას იკვლევენ.