უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ღამით განხორციელებული დარტყმის მთავარი სამიზნე კიევისა და კიევის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
"ეს რთული თავდასხმა იყო: დაახლოებით 190 დამრტყმელი დრონი და ასევე ბალისტიკური რაკეტები. დარტყმის მთავარი სამიზნე კიევისა და კიევის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღსადგენად ყველგან, სადაც ისინი ამ დროისთვის არ არის.
დილით ივანკოვიჩიში დრონმა პირდაპირ სასურსათო სუპერმარკეტს დაარტყა. მაშველები ხანძარს აქრობენ.
დრონებით შეუტიეს კიევსაც. დარტყმა განხორციელდა სასაწყობე შენობაზე, დაიღუპა ერთი ადამიანი.
კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები იყო ჟიტომირის, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და რივნეს ოლქებში. დაზიანებებია ოდესის, სუმის, ხარკივის, ხერსონისა და ჩერკასის ოლქებშიც.
ამ დროისთვის, მთელ ქვეყანაში ამ დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
ჩვენმა დამცველებმა ბალისტიკური რაკეტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს. თუმცა, სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც.
ამ დღეებში საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები მივიღეთ. მადლობა პარტნიორებს რაკეტებისთვის, ყველას, ვინც ასრულებს ჩვენს შეთანხმებებს და აძლიერებს ცის დაცვას.
სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველი ჩამჭრელი რაკეტა ნამდვილად იცავს სიცოცხლეს. და რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო მეტი ასეთი დაცვა გვჭირდება.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთის გათვლამ ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე შედეგი არ გამოიღოს.
მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - წერს ზელენსკი.