ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმღვანელები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კონტროლზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს(AI - Artificial Intelligence) სუპერინტელექტი (SI - Super Intelligence) ეწოდა.
ტრამპმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც მისი ადმინისტრაცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმებად მიიჩნევს. ტრამპის განცხადებით, დოკუმენტს ხელი მან და იმ ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს, რომლებსაც ვაშინგტონში შეხვდა.
ტრამპმა ერთგვერდიანი დოკუმენტი Truth Social-ზე გამოაქვეყნა და მას „მორალურად სავალდებულო“ შეთანხმება უწოდა. დოკუმენტი კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის სისტემების კონტროლის ოთხი დონის შექმნას ითვალისწინებს.
კერძოდ, კომპანიებს მოუწოდებენ, ითანამშრომლონ დამოუკიდებელ გარე აუდიტორთან ან შემფასებელთან, რომელიც შეამოწმებს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები.
ასევე, კომპანიებმა უნდა შექმნან დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც შიდა და გარე აუდიტორებისა და ხელოვნური ინტელექტის კონტროლზე პასუხისმგებელი გუნდების ანგარიშებს მიიღებს და მათ მუშაობას ზედამხედველობას გაუწევს.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვას, რათა ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობები და შესაბამისობა მათი სწავლებისა და დანერგვის პროცესში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ქიმიური საფრთხეების მიმართულებით, კონტროლდებოდეს.
დოკუმენტის თანახმად, ეს ზომები ასევე უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა „არ გატეხონ ტექნიკური სისტემები და მათზე გაუთვალისწინებელი გზებით წვდომა არ მიიღონ“.
შეთანხმებას შეუერთდნენ, მათ შორის, Google-ის, Meta-ს, OpenAI-ის, Anthropic-ის, Nvidia-სა და xAI-ის ხელმძღვანელები.