გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს ვერ ხედავს. აღნიშნულის შესახებ ბობოხიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის განცხადების შემდეგ აღნიშნა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ხიდაშელმა განაცხადა, რომ როდესაც ყველა თანხმდება იმაზე, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კორუფციის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, ხომ არ აპირებს პარლამენტი და კონკრეტულად, გარემოს დაცვის კომიტეტი, მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
ბობოხიძემ ხიდაშელს სხდომაზე არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში პრობლემებია არა კონკრეტულად მისი ხელმძღვანელის გამო, არამედ სისტემურად.
"ეს უწყება ყოველთვის იყო სუსტი წერტილი ხელისუფლებისა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა", - აღნიშნა ბობოხიძემ და დასძინა, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს ვერ ხედავს.