გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიმუშაოს გარემოს დაცვის სამინისტრომ კონტროლის მექანიზმები.
"ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსები ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან მას ყურადღების გამახვილება მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხებზე მოუწევს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს უწყებამ აღნიშნული საკითხები და ამისთვის რა მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ" - აღნიშნა ბობოხიძემ.
მისი თქმით, დაცული ტერიტორიების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მათ კანონი იცავს. კომიტეტის თავმჯდომარე საფრთხეს ხედავს იმაში, რომ ქართულ მხარეს მოუწევს, მსოფლიოს უმტკიცოს, რომ "კარგი ბიჭები" არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შევიდა დაცული ტერიტორიები და იქ საფრთხე არ ემუქრება.
კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ექსპერტებმა მოითხოვეს, მთავრობასთან ერთად კანონპროექტის მუხლობრივი გავლა დაიწყოს, რადგან ბევრი საკითხი გაურკვეველია. არასამთავრობოები პარლამენტისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ არ დააყენეს მათ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ, როდესაც ყველა ამბობს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში კორუფციის აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.