ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წერილს უგზავნის.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტის წერილი მათ მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოა და ის სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს შეეხება.
„ურსულა ფონ დერ ლაიენს გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც ვთხოვეთ, რომ სირიასთან ნებისმიერი ურთიერთობისას ერთ-ერთ საკითხად მაინც იყოს აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სირიის სახელმწიფოს მიერ განხილული. გუშინ მოვიდა მისი წერილი, რომლითაც იგი გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობისადმი. მადლობას გვიხდის წერილისათვის და გვიდასტურებს, რომ არც ერთი მოლაპარაკება სირიასთან, ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების თვალსაზრისით არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ე.წ აფხაზეთის საკითხის უკან წაღება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან იმედის მომცემია, რადგან სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება. ამიტომ ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით შეიძლება იყოს გადამწყვეტი” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, “კოალიაცია ცვლილებებისთვის” წევრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერეს, რომელშიც სთხოვეს, რომ სირიასთან მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო, სირიის ყოფილი ხელისუფლების მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - საქართველოში ყველაზე დიდი პროდასავლური პოლიტიკური კოალიციის - სახელით, მსურს გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ევროკავშირის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რომლებშიც ხაზგასმულია სირიის სახალხო ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაფიო პოზიციის გამო, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიასთან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად, მათ შორის ასადის ეპოქაში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმების გზით, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და მათი ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ეხება.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზადყოფნას თანამშრომლობისთვის და იმ მკაფიო კავშირის ხაზგასმას, რომელიც განახლებული ურთიერთობების განვითარებასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას შორის არსებობს. ამ პოზიციას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამ ათწლეულზე მეტია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, ხოლო ასადის რეჟიმის მიერ მიღებული აღიარების გადაწყვეტილებები პირდაპირ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს. მიგვაჩნია, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირის კონსტრუქციული თანამშრომლობა ქმნის დროულ და ეფექტიან შესაძლებლობას, რათა გაუქმდეს აღნიშნული აღიარებები და აღდგეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა.
შესაბამისად, პატივისცემით მოვუწოდებთ ევროკავშირს:
სირიის სახალხო ასამბლეასა და სირიის ახალ მთავრობასთან ყველა შესაბამის დიპლომატიურ დონეზე კვლავაც დააყენოს სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარსულში აღიარების საკითხი;
მკაფიოდ აღნიშნოს, რომ ურთიერთობების ნებისმიერი გაღრმავება ან თანამშრომლობით გათვალისწინებული სარგებელი თან უნდა ახლდეს სირიის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ასადის ეპოქაში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მზად არის, მხარი დაუჭიროს ევროკავშირს ამ ძალისხმევაში - ინფორმაციის მიწოდებით, კონტაქტების ხელშეწყობითა და ნებისმიერ დისკუსიაში მონაწილეობით, რომელიც ურთიერთმისაღები შედეგის მიღწევას შეუწყობს ხელს.
გულითად მადლობას გიხდით პირადად თქვენ და ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულებისთვის. მადლობას გიხდით თქვენი უწყვეტი ლიდერობისთვის და იმისთვის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში”, - წერია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გაგზავნილ წერილში.