ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.
„ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, იგივე, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს ყოვლად არა მარტო გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ შეფასებას ამ საკითხებზე არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებელი, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.