სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები 24 წლის ნინო ქემაშვილი, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ 2010 წლის ბოლოს მესამე შვილი პოლიციის ძალით ჩამოართვა, ბავშვის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ნინო ქემაშვილის სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
"6 წლის ანა და 3 წლის მიხეილი სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩემი თანხმობის გარეშე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში 2009 წელს გადაიყვანეს, რამდენიმე თვე კი მესამე ბავშვზე მედავებოდნენ. გაჭირვებული ხარ და ბავშვს სათანადო პირობებს ვერ უქმნიო. რა, გაჭირვებული რადგან ვარ, ბავშვის გაჩენის და ყოლის უფლება აღარ მაქვს? მოვიდა აღმასრულებელი პოლიციელებთან ერთად და 1 წლის გიორგი მკერდიდან ამაგლიჯა. ბავშვების გარეშე სიცოცხლე არ მინდა", - განუცხადა ნინო ქემაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.