უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყოველთვიურად სულ მცირე 30 ათასი მოქალაქის მობილიზება სჭირდება.
„სამწუხაროდ, მობილიზაცია ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის. სხვაგვარად ვერ მოვიქცევით. უნდა გადავწყვიტოთ და გულწრფელად ვთქვათ: თვეში 30 ათასზე ნაკლები ადამიანის მობილიზება არ შეიძლება. ეს არის მინიმალურად საჭირო რაოდენობა არსებულის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მან.
ბუდანოვის თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ევგენი ხმარას დანიშვნა მობილიზაციის საკითხში არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს.
„ხმარას მოსვლით არსებითად არაფერი შეიცვლება. რადგან საჭიროება არსებობს - არანაკლებ 30 ათასი ადამიანი. ეს კი ადამიანების უზარმაზარი რაოდენობაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, გაწვევის წესის შეცვლა მობილიზაციის რაოდენობრივ მაჩვენებელზე გავლენას ვერ მოახდენს და, შესაბამისად, უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობაც არ შეიცვლება.
ამასთან, ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება ე.წ. „ძალისმიერი მობილიზაციის“ მიდგომების გარკვეულწილად შეცვლა.
„იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება ამ ძალისმიერი მობილიზაციისადმი მიდგომების გარკვეულწილად შეცვლა, რომელიც ზოგჯერ ხდება. ეს ყველგან არ ხდება, თუმცა ასეთი ფაქტები არსებობს. ამას ბრძოლა სჭირდება“, - განაცხადა ბუდანოვმა.