აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ჩარევის გარეშე ირანი ბირთვულ იარაღს შექმნიდა და „ისრაელი უკვე აღარ იარსებებდა“.
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ირანთან ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება, საიდანაც მან აშშ ცალმხრივად გაიყვანა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. მისი თქმით, აღნიშნულმა შეთანხმებამ „ირანს გზა გაუხსნა ბირთვული იარაღისკენ“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი ჩარევის გარეშე ირანი ბირთვულ იარაღს შექმნიდა და გამოიყენებდა.
„ისრაელი სრულად განეიტრალებული იქნებოდა... დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, ისრაელი უკვე აღარ იარსებებდა“, – განაცხადა ტრამპმა.
მან მსგავსი განცხადება მანამდე საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც გააკეთა.
ბოლო თვეებში ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობები დაიძაბა. კერძოდ, უთანხმოება უკავშირდება ნეთანიაჰუს პოზიციას ღაზის სექტორში ჰამასის განიარაღების შესახებ „ისტორიულ შეთანხმებაზე“, ისრაელის ძალების ლიბანის ტერიტორიაზე ყოფნას და ირანთან და მის მოკავშირე დაჯგუფებებთან სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას მაშინ, როდესაც ვაშინგტონი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას იმედოვნებდა.