დღეს, 22 თებერვალს, 19:00 საათზე დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. შესრულდება ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, ვაგნერის უვერტიურა ოპერიდან რიენცი, ასევე უვერტიურა ოპერიდან "ტანჰოიზერი". გარდა ამისა, შედგება ვახტანგ მაჭავარიანის საკომპოზიტორო დებიუტი კომპოზიციით "სიმფონიური სურათი ნაცარქექია".
კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი დაესწრება.
ვახტანგ მაჭავარიანის იუბილესთან დაკავშირებით მეორე კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში 4 მარტს, 19:00 საათზე. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. შესრულდება როსინის სონატა #5, ასევე ბახის ფა მინორის საფორტეფიანო კონცერტი, სოლისტი ალექსი მაჭავარიანი. ეს იქნება ახალგაზრდა პიანისტის, ვახტანგ მაჭავარიანის შვილის დებიუტი ორკესტრთან. ასევე შესრულდება ახალგარდა კომპოზიტორის, ჯიმი ჩხაიძის ორი პატარა მინიატურა, ვახტანგ მაჭავარიანის "საფორტეპიანო კონცერტინო" , სოლისტი პიანისტი თათა ლიჩელი, ასევე ალექსი მაჭავარიანის "სიმფონია ნომერი 4, ახალგაზრდული".