სერბეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაერო-ს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ, სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ასევე ვუჩიჩმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა და ქვეყანას ყველა მოლაპარაკების კლასტრის რაც შეიძლება სწრაფად გახსნისა და დახურვის სურვილი გამოთქვა.
„უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის ექნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს გზა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ თვითონ ვერ შევძელით ზოგიერთი კლასტერის გახსნა.
ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ყველა მოლაპარაკების კლასტერი და დახუროს ისინი, რადგან ეს არის უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების სურვილი. რაც შეეხება ჩვენ, მომავალში ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვექნება“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, პირიქით, სერბეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა უკრაინას ევროპულ გზაზე დაეხმაროს.