სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს სომხეთის პრემიერ-მინისტრად“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.