სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი, სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონის დარღვევაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სასამართლომ იუნ სოკ იოლს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის აღსრულება სამი წლით გადაუვადა.
სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, თუ სააპელაციო სასამართლო იუნს საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთას ან სულ მცირე 1 მილიონი ვონის ოდენობის ჯარიმას შეუფარდებს, პარტიას „სახალხო ძალა“, რომლის კანდიდატიც ის იყო, 39,7 მილიარდი ვონის (დაახლოებით 24 მილიონი ევროს) დაბრუნება მოუწევს.
ეს თანხა პარტიამ იუნ სოკ იოლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეროვნული საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო ხარჯების კომპენსაციის სახით მიიღო.
როგორც სააგენტო განმარტავს, პროკურატურა იუნს ბრალს სდებდა იმაში, რომ 2021 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მან იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ადვოკატი საგადასახადო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს არ გააცნო.
გარდა ამისა, იუნს ბრალად ედებოდა, რომ 2022 წლის იანვარში მიცემულ ინტერვიუშიც იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ შამან ჩონ სონ-ბესთან იგი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დააკავშირა, და უარყო, რომ ჩონს მეუღლესთან, კიმ გონ ჰისთან ერთად შეხვდა.
სასამართლო პროკურატურის არგუმენტებს დაეთანხმა და ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა მისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
ივნისში სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ იუნ სოკ იოლს ჩრდილოეთ კორეაში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის საქმეზე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი მტრისთვის დახმარებასა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის მაშინდელმა პრეზიდენტმა საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების ფხენიანის საჰაერო სივრცეში გაგზავნის ბრძანება გასცა. პროკურატურის მტკიცებით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის საბაბი შექმნილიყო.
სამხრეთ კორეაში 2024 წლის დეკემბერში ყოფილი პრეზიდენტის მცდელობა, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოეღო, პარლამენტის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. ამ ინციდენტმა იუნ სოკ იოლის თანამდებობიდან გადაყენება გამოიწვია და სამხრეთ კორეის საზოგადოებაში ღრმა განხეთქილება შეიტანა.
საერთო ჯამში, ამ ინციდენტთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ რვა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2026 წლის იანვარში, სასამართლომ იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ პირველი განაჩენი გამოიტანა, ექს-პრეზიდენტს, რომელსაც ბრალად ედება მისი დაპატიმრების მცდელობისთვის ხელის შეშლა, საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2026 წლის თებერვალში სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ იუნ სოკ იოლს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და ამბოხებისკენ წაქეზებაში დასდო ბრალი. პროკურატურა მისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.
იუნ სოკ იოლმა აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.