2026 წლის 22 ივლისს აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან თავს სამი პირი დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი კოორდინირებული მედია კამპანია როგორც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ანგარიშის, ასევე სახელისუფლებო მედიის მხრიდან, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
"ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა. იგი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. ქართული ოცნება ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის, და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშნველოვანი გამოწვევები.
ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისაგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს.
ამნესთი ინთერნეიშენალმა 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში რეპრესიების შესახებ. ანგარიშში ამნესთი ინთერნეიშენალი საუბრობს სულ მცირე 6 ადამიანზე, რომლებიც 2023 წლიდან დისკრედიტაციის კამპანიის შედეგად გახდნენ ფიზიკური ძალადობის სამიზნე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ.
ოქრიაშვილის ცოლის ინფორმაციით, "მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ".
რამდენიმე დღის წინ, იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა. ცალკეულმა ჯგუფენმა ის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს . ამ თემაზე სამთავრობო მედიამ სიუჟეტებიც მოამზადა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.
თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ის პოლიციაში თავად გამოცხადდა.