შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით
ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით
დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა. ცალკეულმა ჯგუფებმა ის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს . ამ თემაზე სამთავრობო მედიამ სიუჟეტებიც მოამზადა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა