სასტუმრო „აგარანის მამულმა" სადაც დაპირისპირება მოხდა, გირაოს თანხის გადახდაზე მზაობა გამოთქვა, - ამის შესახებ ინციდენტში მონაწილე გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ სასამართლო სხდომის დარსულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხარული ვარ. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომელიც გვერდში უდგას, ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებენ და ხალხს აწვდიან ინფორმაციას საქმეზე... სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, გადაიხდიან.
სასტუმროს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მომხდარი ფაქტის შემდეგ არის ზარი 112-ში შესული. სასტუმროს ნაწილში, შესაძლებელი იყო მომხდარიყო დროული პრევენცია. როგორც ვიცი, საკუთარი ძალებით ეცადნენ“, - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.