საქართველოს ხელისუფლება მალაიზიურ მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ელდარ დავითიანის დამნაშავედ ცნობის შესახებ დამატებით მასალას გადაუგზავნის.
"ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი მასალა გადავცეთ მალაიზიურ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ მალაიზიის სასამართლო არ არის ვალდებული ის გაიზიაროს. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ქართული სასამართლოს დასკვნას მალაიზიური სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით გაეცნობიან", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, დავითიანისთვის პატიმრობის შეფარდება მალაიზიაში დაკავებულ ქართველ ქალებს ბრალეულობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა იმედი არსებობს, რომ ქართული სასამართლოს დასკვნას მალაიზიური სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით გაეცნობიან.
აღსანიშნავია, რომ დავითიანის მეუღლის - ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი მალაიზიაში 4 მარტს გაიმართება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის გახდება ექსპერტიზის დასკვნაც ცნობილი, რომელმაც ნარკოტიკების გადატანასთან მათი კავშირი უნდა დაადგინოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება.
თავად დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი გახდნენ მსხვერპლი ელდარ დავითიანისა, რომელიც გორდაძის მეუღლეა.
აღნიშნულ საქმეში თავად ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ სწორედ დავითიანი ცნო და მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა.