უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს და მისი შემცვლელს ეძებს. ამის შესახებ Financial Times უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ამ შაბათ-კვირას ზელენსკი სამხედრო მეთაურებს შეხვდება, რათა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ მათი შეფასებები მოისმინოს. ასევე, იგი მთავარსარდლის პოსტზე შესაძლო კანდიდატებთან გასაუბრებას გეგმავს.
წყაროს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მზად არის სირსკი თანამდებობიდან გადააყენოს, თუ იპოვის მეთაურს, რომელიც უფლებამოსილების შეუფერხებელ გადაბარებას უზრუნველყოფს და ამავდროულად 1 200-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე საიმედო თავდაცვის შენარჩუნებას შეძლებს.
როგორც Financial Times წერს, უკრაინის პრეზიდენტმა სირსკის შესაძლო გადაყენების განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის, გადადგომის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები „მთავარსარდლის წინააღმდეგ ფართო კამპანიაში გადაიზარდა“.
გამოცემის ცნობით, პარასკევს საღამოს პრეზიდენტის ოფისის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და სკანდირებდა: „სირსკი გადადგეს!“. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ კვირაში ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვსა და მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ ისინი ერთმანეთთან პირდაპირ აღარ ურთიერთობდნენ და კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, როდესაც პრეზიდენტი პირადად ასრულებდა შუამავლის როლს.
„ჩემს გარეშე ისინი ერთად სალაპარაკოდაც კი არ სხდებიან,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, „ძალიან სურდა ფედოროვსა და სირსკის შორის ერთიანობა, თუმცა ამას ვერ მიაღწია.“