პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.
ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის იმ საკითხებზე „სერიოზული და მეგობრული დიალოგისთვის“, რომლებიც ორ ქვეყანას აერთიანებს და ყოფს.
„კმაყოფილებითა და იმედით მივესალმები ზელენსკის განცხადებასა და გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ურთიერთპატივისცემასა და სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს, მზად ვართ სერიოზული და მეგობრული დიალოგისთვის როგორც იმ საკითხებზე, რომლებიც გვაერთიანებს, ისე იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს გვყოფს.“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთთან ურთიერთობებში ახალი გადაწყვეტილებები მზადდება. მისი თქმით, ისინი, კერძოდ, ისტორიულ საკითხებს, არქივების გახსნასა და ვოლინში სამძებრო და ექსჰუმაციის სამუშაოების ჩატარებას შეეხება.