რუსული გამოცემა "მედუზას" ცნობით, რუსეთის ტამბოვის ოლქში, ქალაქ კოტოვსკზე 18 ივლისის ღამით განხორციელებული დრონების თავდასხმის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის განცხადებით, დარტყმის შედეგად ღამის ცვლის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 24 ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, საწყობის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
Wildberries-ის პრესსამსახურის განცხადებით, ღამით დრონები კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებს ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკსა და მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში დაესხნენ თავს.
კომპანიას მოსკოვის ოლქში მდებარე საწყობთან დაკავშირებით დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მათი ცნობით, იქ ხანძარი ამ დრომდე გრძელდება.
ASTRA-ს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ნოგინსკში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.
ნავთობბაზაზე ხანძრის შესახებ ასევე იუწყება უკრაინული მონიტორინგის არხი Exilenova+.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა მალევე დაადასტურა რეგიონზე დრონების თავდასხმა. მისი თქმით, ნოგინსკში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით ახლოს მდებარე სამშობიარო სახლის ევაკუაცია განხორციელდა.
მოსკოვის ოლქზე დრონების თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. ნოგინსკში ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო კიდევ 24-მა დაზიანებები მიიღო ელექტროსტალში, Wildberries-ის საწყობის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის შედეგად. ვორობიოვის განცხადებით, დაშავებულთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ვლადიმირში დრონი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინას მოხვდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, განაცხადა ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა.