ევროკავშირის საბჭომ პარასკევს, 17 ივლისს, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების, კერძოდ, 1-2 ივლისისა და 5 ივლისს კიევზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, სანქციები დაუწესა ერთ ფიზიკურ პირსა და ხუთ იურიდიულ პირს.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება.
სანქცირებულები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენენ, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში არიან ჩართული.
სანქციების სიაში შეტანილი ხუთივე კომპანია ABS Electro-ს ჯგუფში შედის, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც დრონების გამოყენებით საბრძოლო მოქმედებებისთვის არის საჭირო.
ევროკავშირის ცნობით, ეს კომპანიები მონაწილეობენ ისეთი სისტემების შექმნაში, რომლებიც რუსული „შაჰედისა“ და „გერანის“ ტიპის დრონების საბრძოლო შესაძლებლობებს აძლიერებს, მათ შორის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიმართ მათი მდგრადობის გაზრდის გზით.
გარდა ამისა, რამდენიმე კომპანია რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ავტომატიზებულ მართვის სისტემებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის მთავრობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.