აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო პოლიტიკა აამოქმედა, რომელიც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ულტრამემარცხენე ტერორისტულ და მათთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აფინანსებენ, მხარს უჭერენ ან მათ საქმიანობას ახალისებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ სავიზო შეზღუდვებს აწესებს, რათა მემარცხენე ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ. უცხოელები, რომლებიც მემარცხენე ტერორისტებს აფინანსებენ, მათ საქმიანობას ახალისებენ ან ეხმარებიან, ჩვენი ცივილიზაციის მტრები არიან. მათ ადგილი შეერთებულ შტატებში არ აქვთ“, - დაწერა რუბიომ X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი პოლიტიკა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის მემორანდუმის მხარდასაჭერად შემუშავდა, გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც: მხარს უჭერდნენ ან ახალისებდნენ ტერორისტულ აქტებს; მონაწილეობდნენ ძალადობრივ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ეკონომიკურ საბოტაჟში; აფინანსებდნენ, წევრებს იზიდავდნენ ან ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევდნენ ულტრამემარცხენე ტერორისტულ და მათთან დაკავშირებულ ჯგუფებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეზღუდვების მიზანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და იმ პირებისთვის სავიზო შესაძლებლობების შეზღუდვა, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორისტული ქსელების საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ამერიკელების სიცოცხლეს, ეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.