უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და მისი საქმიანობის შედეგები შეაჯამა.
ფედოროვმა სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა სამინისტროს გუნდს, სამხედროებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. მისი თქმით, მისთვის „დიდი პატივი იყო უკრაინელი ხალხის სამსახური“.
ყოფილმა მინისტრმა თავის მთავარ მიღწევებს შორის დაასახელა: რუსეთის სამხედროებისთვის Starlink-ის სისტემის გათიშვა; დრონების შესყიდვების მასშტაბური ზრდა; უპილოტო სისტემების ძალებისთვის ახალი პროგრამების ამოქმედება; Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების კონტრაქტების გაფორმება; Gripen-ის გამანადგურებლების შესყიდვა; უკრაინის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის განვითარება; საერთაშორისო სამხედრო დახმარების სახით ათეულობით მილიარდი დოლარის მოზიდვა.
ფედოროვის განცხადებით, მთავრობის გადადგომის დღესვე წარმატებით გამოიცადა უკრაინული ბალისტიკური რაკეტაც.
ამასთან, ფედოროვმა აღიარა, რომ ვერ მოხერხდა თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციის სრულად დასრულება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, ასევე ყველა შესყიდვის ტენდერულ სისტემაზე გადაყვანა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბება.
„საჭირო იყო უფრო მტკიცე გადაწყვეტილებები მიგვეღო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცვლილებებს აფერხებდნენ,“ - განაცხადა ფედეროვმა.
ასევე ფედოროვმა განაცხადა, რომ საკუთარ მისიას გააგრძელებს, რათა „მტერი ასიმეტრიული მიდგომებით, ინოვაციების სისწრაფითა და ორგანიზების ძალით დაამარცხოს“.
„მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებისთვის მუშაობს. მადლობა ჩემს მთელ გუნდს ეფექტური, 24-საათიან რეჟიმში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!
მე გავაგრძელებ მუშაობას იმ მისიისთვის, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში მოვედი მტრის დამარცხებისთვის ასიმეტრიული მიდგომების, ინოვაციების სისწრაფისა და ორგანიზების ძალის გამოყენებით. გაგრძელება იქნება“, - დაწერა ფედოროვმა.