ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დაიწყო რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე.
პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიმართა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები, ასევე სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული პრაქტიკული მოთხოვნები.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სააგენტოს წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისთვის დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი განმარტებები.
რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება. მათი მიზანია სამედიცინო სექტორში რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება, მოქმედი რეგულაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, ასევე მოწვეული ექსპერტები – მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.