აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანმა შვიდ სავაჭრო გემზე მიიტანა იერიში, სამიზნედ კი სამოქალაქო პირები აირჩია. თავდასხმების შედეგად ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაიღუპა, დაიჭრა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ირანი მიზანმიმართულად ესხმოდა თავს სამოქალაქო პირებს მთელ რეგიონში. განხორციელდა თავდასხმები შვიდ სავაჭრო გემზე, რასაც შედეგად მოჰყვა ეკიპაჟის თითქმის ათეული სამოქალაქო წევრის დაღუპვა, დაკარგვა ან დაშავება“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ბრედ კუპერმა.
მისივე თქმით, ირანის ძალებმა მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ასევე გაუშვეს ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.
„აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანს აკისრებენ პასუხისმგებლობას ამ გაუმართლებელ აგრესიაზე, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა კუპერმა.
კუპერის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუ მომავალ კვირაში მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, აშშ ირანის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე, იერიშებს მიიტანს.
„აშშ-ის დარტყმები ირანის წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მე არ ვიტყვი, რომ ეს საკმარისია,“ - განაცხადა ტრამპმა.