აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეებისგან უნდა მიიღოს „ანაზღაურება“ იმ ხარჯებისთვის, რომლებიც ირანის თავდასხმებისგან ჰორმუზის სრუტეში გემების დაცვას ხმარდება.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტმა დაასახელა ხუთი ქვეყანა, რომლებმაც, მისი აზრით, შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის დაცვის ხარჯები უნდა აუნაზღაურონ. საუბარია აშშ-ის მოკავშირეებზე ახლო აღმოსავლეთში - საუდის არაბეთზე, კატარზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, ქუვეითსა და ბაჰრეინზე.
„დიახ, მინდა, რომ ჩვენთვის ხარჯები ანაზღაურდეს, რადგან ჩვენ ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ ნაწილს. ჩვენ ვხარჯავთ ფულს და ამიტომ დაცვის ხარჯების ანაზღაურებას ვიღებთ“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
„ჩვენ მათ ყველას ვიცავთ და ამას ძალიან ეფექტურად ვაკეთებთ“, - დასძინა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, აშშ-ს ეს ქვეყნები „არ სჭირდება“, რადგან შეერთებულ შტატებს „მსოფლიოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ნავთობი აქვს“.