ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ვროკავშირში სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის სავალდებულო მინიმალური ასაკი უნდა დაწესდეს, ხოლო პლატფორმების ოპერატორებს ბავშვების ონლაინდაცვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა დაევალოთ.
მისი თქმით, სოციალური ქსელები ბავშვებს „უზარმაზარ ზიანს აყენებს, იწვევს დამოკიდებულებას და ტანჯვას“.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.
„როგორც ბავშვებს მანქანის გასაღებს არ ვაძლევთ, ვიდრე მართვის მოწმობას არ მიიღებენ, ან არ ვაძლევთ ალკოჰოლის შეძენის უფლებას, ვიდრე შესაბამის ასაკს არ მიაღწევენ, ასევე უნდა განვსაზღვროთ ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვებს სოციალური ქსელებით კანონიერად სარგებლობის უფლება ექნებათ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, „ბავშვები მშობლებმა უნდა აღზარდონ და არა მტაცებლურმა ალგორითმებმა.“
„ევროკავშირში უკვე არსებობს კონსენსუსი, რომ უნდა განისაზღვროს მინიმალური ასაკი, საიდანაც ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა შეეძლებათ. დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც მსხვილ ციფრულ კომპანიებს ჩვენს შვილებზე პრაქტიკულად შეუზღუდავი წვდომა აქვთ, კიდევ ერთ თაობას მიაყენებს უზარმაზარ ზიანს, გამოიწვევს დამოკიდებულებასა და ტანჯვას“, - აღნიშნა მან.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპაში ახალგაზრდები ეკრანთან დღეში 4-8 საათს ატარებენ.
„დღეში ექვსი საათი ეკრანთან გატარება ცხოვრების დაახლოებით 20 წელს ნიშნავს. ამავე დროს, ევროპაში არასრულწლოვანთა 60%-ზე მეტს ონლაინსივრცეში ემოციური და ფსიქოსოციალური პრობლემები აქვს. მშობლები ყოველდღიურად ხედავენ ამის შედეგებს - ძილის დარღვევას, დეპრესიას, შფოთვას, ონლაინზეწოლას და მავნე კონტენტის ზემოქმედებას“, - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სოციალური ქსელების პლატფორმები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი პროდუქტების უსაფრთხოებაზე.
„პლატფორმები სოციალური ქსელების არქიტექტორები არიან და ვალდებული არიან, უზრუნველყონ, რომ მათი პროდუქტი ბავშვებისთვის უსაფრთხო იყოს. თუ არასრულწლოვანი მომხმარებელი პრობლემის შესახებ განაცხადებს, რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ხოლო კომპანიებმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.