13 ივლისის ღამეს მოლდოვის ტერიტორიაზე „შაჰედის" ტიპის რუსული დრონი შეფრინდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან თითქმის 30 კილომეტრში მდებარე სოფელთან აფეთქდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია Newsmaker-ზე დაყრდნობით იუწყება.
მოლდოვის პოლიციის გენერალურმა ინსპექტორატმა განაცხადა, რომ 01:03 საათზე საგანგებო სამსახურების ნომერზე შევიდა შეტყობინება კაუშანის რაიონის სოფელ კოპანკას განაპირას აღმოჩენილი ობიექტის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატს ჰგავდა.
უწყების ინფორმაციით, ობიექტი ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა.
„ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, ხოლო სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, - განაცხადეს პოლიციაში.
მოგვიანებით მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საუბარი იყო რუსულ უპილოტო საფრენ აპარატ „შაჰედზე“ („გერან-2“), რომელიც მოლდოვის საჰაერო სივრცეში ოდესის ოლქში მდებარე სამიზნეებზე რუსეთის თავდასხმის დროს შევიდა.
„ეს ახალი ინციდენტი მოლდოვის საჰაერო სივრცის სერიოზული და მიუღებელი დარღვევაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, - განაცხადეს მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში.
მანამდე, მოლდოვაში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის ან საჰაერო სივრცეში შეჭრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინციდენტებს მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.