13 ივლისის ღამეს დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი სამიზნე სტავროპოლის მხარეში მდებარე ნავთობბაზა გახდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. დრონების ჩამოგდებაზე ასევე იუწყებოდნენ მოსკოვის რეგიონშიც.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 22:20 საათზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისკენ მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება დაიწყეს.
მისივე ინფორმაციით, 03:19 საათისთვის სამი დრონი იყო ჩამოგდებული, ხოლო დღის დასაწყისიდან მოსკოვის მისადგომებთან საერთო ჯამში 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
დრონების საფრთხის გამო, მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღება-გაშვებას სპეციალური კოორდინაციის რეჟიმში განაგრძობდა, ხოლო ჟუკოვის საერთაშორისო აეროპორტშიი დროებით ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.
დრონებით თავდასხმა განხორციელდა ასევე სტავროპოლის მხარეზეც. რეგიონის გუბერნატორის, ვლადიმირ ვლადიმიროვის განცხადებით, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ხუტორ ვიაზნიკის სამრეწველო ზონაში.
მოგვიანებით ASTRA-ს OSINT-ანალიზმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შემდეგ სტავროპოლის მხარეში, ხუტორ ვიაზნიკში მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.