ირანმა ერთ-ერთ გემზე თავდასხმის შემდეგ ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.
როგორც Reuters წერს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გემი სრუტის გავლით არასანქცირებული მარშრუტით ცდილობდა გადაადგილებას და გაფრთხილებები უგულებელყო.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, გემმა ასევე გამორთო საკუთარი სისტემები, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნიდა ნაოსნობას. შედეგად, გემს დაარტყეს და მისი მოძრაობა შეაჩერეს.
ამის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქნება მანამდე, ვიდრე აშშ რეგიონში ჩარევას არ შეწყვეტს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადგინა, რომ დაზიანებული გემი კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი M/V GFS Galaxy იყო. სარდლობის ინფორმაციით, გემს ძრავის განყოფილება მნიშვნელოვნად დაუზიანდა, ხოლო ეკიპაჟის ერთი წევრი დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება ირანის შესაძლებლობების შესამცირებლად - კომერციულ გემებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს რამდენიმე რაიონში მომხდარი აფეთქებების შესახებ, მათ შორის ბუშერისა და ასალუიეს ენერგეტიკულ და ნავთობქიმიურ ცენტრებში.
ასევე გავრცელდა ცნობები აფეთქებების შესახებ საპორტო ქალაქებში: ბანდარ-აბასში; ბანდარ-ე დაიერში; ასევე სირიკის რაიონში, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს.
„ირანმა ცუდი არჩევანი გააკეთა, ახლა ისინი ამისთვის იხდიან“, - დაწერა სოციალურ ქსელში აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვს, საჯაროდ განაცხადოს ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ და დაადასტუროს, რომ სრუტეში მოძრაობა კვლავ ღია იქნება გადაადგილების საფასურის დაწესების გარეშე.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ თუ ირანი ამ საჯარო ვალდებულებას არ შეასრულებს, თეირანს შედეგები ელოდება.