ნიკოლას მადუროს დაკავებიდან ექვსი თვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა ვენესუელის ფინანსებზე, ბუნებრივი რესურსების განაწილებასა და ქვეყნის მთავრობაზე.
ამის შესახებ The New York Times ამერიკელ და ვენესუელელ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუბიოს გავლენა სუვერენულ სახელმწიფოზე უპრეცედენტოა. ჟურნალისტების შეფასებით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ქვეყნის დე ფაქტო „ვიცე-მეფედ“ იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადასვლის შემდეგ სახელმწიფო მდივანი პირადად არ ჩასულა ქვეყანაში, ის ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში აქტიურად არის ჩართული.
რუბიო მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს WhatsApp-ის საშუალებით დელსი როდრიგესთან, რომელიც მადუროს ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო ამჟამად ვაშინგტონის მხარდაჭერით ქვეყნის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად არაფორმალური კომუნიკაციისა, რუბიოსა და როდრიგესს შორის ურთიერთობა პარტნიორულ ხასიათს არ ატარებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის აღდგენისა და რაციონალური ეკონომიკური მართვის წყალობით, ვენესუელას შეუძლია კვლავ გახდეს სტაბილური, აყვავებული პარტნიორი, რომლის მოქალაქეებიც ისარგებლებენ ქვეყნის უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრით და შეერთებულ შტატებთან გაძლიერებული კავშირებით
„აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ამჟამად ვენესუელის ექსპორტის უმეტესი ნაწილისგან მიღებულ შემოსავლებს იღებს. მოგვიანებით, ამერიკული უწყება ამ თანხებს ქვეყნის საბანკო სისტემის მეშვეობით უკან აბრუნებს - ურთიერთობა ჰგავს იმას, თუ როგორ აძლევენ მშობლები ბავშვებს ჯიბის ფულს.
რუბიო და მისი გუნდი მკაფიო პირობებს ადგენენ, თუ კონკრეტულად რაში და ვის მიერ შეიძლება დაიხარჯოს ეს თანხები. ამან ვენესუელაში ძირითადი კორუფციული სქემების აღკვეთა და კარაკასის შემოსავლების დაცვა შესაძლებელი გახადა იმ კრედიტორებისგან, რომლებიც მილიარდობით დოლარის ვალების დაბრუნებას ითხოვენ,“ - თქვა მან
ამავდროულად, ასეთი სისტემა როდრიგესს სრულ დამოკიდებულებაში აყენებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებზე. ვაშინგტონთან შეთანხმებული ფინანსური რესურსების გარეშე მას არ შეუძლია ხელფასების გადახდა და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერა.
ფინანსების გარდა, რუბიო აკონტროლებს აშშ-ის სანქციების გამოყენებასა და ვენესუელის ნავთობის სექტორის რეფორმირების პროცესს. როდრიგესი მასთან ასევე ათანხმებს მნიშვნელოვან სამთავრობო დანიშვნებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვენესუელამ ფაქტობრივად დაკარგა საკუთარი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობა.
„როდესაც შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ხანგრძლივი მოკავშირის წინააღმდეგ აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს მოსთხოვა ამ პოსტის წაშლა და გააფრთხილა, რომ მომავალში საჯაროდ აღარ დაეჭირა მხარი აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის. ხილმა განცხადება გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში წაშალა,“ - წერს გამოცემა.