12 ივლისს, გამთენიისას რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა. საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია მონიტორინგის Telegram-არხებზე დაყრდნობით იუწყება.
დაახლოებით ღამის 3 საათზე სამარის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონში დრონების თავდასხმის საფრთხე არსებობდა. დილით, დაახლოებით 05:00 საათისთვის, სიზრანის მცხოვრებლებმა ქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს.
სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც თავდასხმის შედეგებია ნაჩვენები. კადრებში ჩანს მასშტაბური ხანძარი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ინდუსტრიულ ზონაზე ამოსული სქელი შავი კვამლის სვეტი.
მონიტორინგის არხების ცნობით, თავდასხმის სამიზნე სწორედ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის ზუსტი შედეგებისა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია "როსნეფტის" სტრუქტურაში შედის და რეგიონში საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.
ქარხნის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 8,9 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთსა და საავიაციო ნავთს, რომლითაც, უკრაინაში ომისთვის, რუსეთი აქტიურად ამარაგებს თავის საოკუპაციო ძალებს.
ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.