რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სუმში სამი მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ გრიგოროვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:40 საათისთვის დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
„საავადმყოფოში მძიმედ დაშავებული კაცი გარდაიცვალა“, - აღნიშნა გრიგოროვმა.
მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის განცხადებით, დაღუპულებს შორის 13 წლის გოგონაცაა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იმყოფებოდა.
ქალაქში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სუმში კვლავ არსებობს მტრის განმეორებითი თავდასხმების საფრთხე, რის გამოც მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისა და აფეთქების ადგილებთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.