11 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში მცურავ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები 21 რუსულ ტანკერზე განხორციელდა.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის განცხადებით, აღნიშნული ტანკერები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გადასაზიდად გამოიყენება, რაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაფინანსებლად დამატებითი შემოსავლების მიღების საშუალებას ქმნის.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა: 4 ბუქსირი; 2 მშრალი ტვირთმზიდი გემი ; 1 მიწისმთხრელი გემი .
სამხედროების ცნობით, ეს ხომალდები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის, ტვირთების გადაზიდვისა და საპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გამოიყენებოდა.
დარტყმის საბოლოო შედეგები ამ ეტაპზე ზუსტდება.
ცნობისათვის, OSINT-ანალიტიკოსებმა 10 ივლისის ღამით რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების ანალიზი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ დაზიანდა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, პორტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
შემდგომში, მედიის ინფორმაციით, რუსეთმა აზოვი-დონის არხში ნაოსნობა შეაჩერა. ეს არხი მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. გადაწყვეტილება უკრაინის მიერ 13 რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღეს.