უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 11 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, კიევში ღამით დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მისი თქმით, დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე, საოფისე შენობებსა და სასულიერო სემინარიაზე განხორციელდა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოდესის, სუმის, ხარკივისა და ჩერნიჰივის ოლქებში დაბომბვის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 120-ზე მეტი დრონი და 12 რაკეტა გამოიყენა, რომელთა ნახევარი ბალისტიკური იყო.
„ჩვენმა დამცველებმა სამიზნეების უმეტესობის განადგურება შეძლეს, თუმცა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ვერ მოხერხდა.
პარტნიორებისგან ველოდებით, რომ შეასრულებენ ნატო-ს სამიტზე მიღწეულ შეთანხმებებს და უკრაინის დასაცავად დაპირებულ სამხედრო დახმარების პაკეტებს დროულად მიაწვდიან. ასევე, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად წინ წავიწიოთ Patriot-ის სისტემების ლიცენზიებთან და ევროპული ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის პროექტთან დაკავშირებული შეთანხმებების განხორციელების მხრივ“, - განაცხადა ზელენსკიმ.